გვიშველის ასოცირება?

hamlet chipashvili-politologi

ევროკავშირის ასოცირებულ წევრად გახდომის ეიფორიამ, განსაკუთრებით ცეკვა-თამაშის დარგში, ჩაიარა. ცხოვრება, მისთვის ჩვეულ რითმს დაუბრუნდა - უამრავი პრობლემებით და მათი გამოსწორებისთვის საჭირო სურვილისა და გეგმების დეფიციტით.
ასოცირებულ წევრობას ბევრი უდიდეს წარმატებად აღიქვამს, რამაც უნდა გამოაღვიძოს ქართული ეკონომიკა და ააღორძინოს დამოუკიდებლად არსებობის წლებში დაკარგული ეროვნული სულისკვეთება, პატრიოტიზმი, შრომის ნაყოფიერება. ბევრიც თვლის, რომ ასოცირება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეროვნულ სულისკვეთებას, პატრიოტიზმს შეეჭიდება, ვინაიდან ამას ითხოვს გლობალიზაცია, ამერიკელთა მიერ სხვაგვარად გააზრებული (მეტადრე სათავისოდ) და დამკვიდრებული.
სამწუხაროა, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, ანუ ასოცირებული წევრობის სკეპტიკოსებმა, ხელმოწერის შემდეგ ამოიღეს ხმა, თუმცა, ვინ იცის, იქნებ ხელმოწერამდეც იღებდნენ (ხმას), მაგრამ მედია არ წყალობდა. მედიას ხომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული მესიჯები მისდიოდა - ასოცირების ხელშეკრულების სასარგებლოდ? და არათუ სასარგებლოდ, არამედ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენად წარმოსაჩენად.
სპეციალისტები სამართლიანად აღნიშნავენ ასოცირებული წევრობიდან გამომდინარე საფრთხეებს და იმის თქმასაც არ ერიდებიან, რომ გარდამავალი პერიოდი (არაერთი წელი) ქართველი ხალხისთვის უმძიმესი წლები იქნება, რომლებმაც შეიძლება კიდევ უფრო დააჩაჩანაკოს ის და ფაქტობრივად გადაშენების გზამდე მიიყვანოს.
დადებით და უარყოფით გამონათქვამებში ბევრია უკიდურესი, მაგრამ რაც შეეხება საშუალოს, არ ჩანს. დიახ! ევროკავშირთან ასოცირება სამომავლო ბედნიერებაა, თუკი საქართველო განუხრელად გაჰყვება ბრიუსელის რეკომენდაციებს და რჩევებს, შეითვისებს რაციონალური, პატიოსანი შრომის წესებს, უარს იტყვის ზერელეობაზე, კორუფციაზე, ზარმაცობასა და თაღლითობაზე, შინაგანად გადაკეთდება და არათუ ჩაიდენს დანაშაულს, მცირესა და დიდს, არამედ თავშიც არ გაივლებს.
ზემოთჩამოთვლილის შესასრულებლად არის თუ არა ქვეყანა მზად? აი, ეს კითხვა იბადება და თუ მას დროულად არ გაეცა პასუხი, უმთავრესად ხელისუფლების მხრიდან - ასოცირება, ასოცირებად დარჩება, ქვეყანა კი დეგრადირებულად, შესაძლოა გაცილებით დეგრადირებულად, ვიდრე დღეს. და მაშინ მოვა უკიდურესი სიდუხჭირე (ეს დრო გაცილებით ადრე დადგება, ვიდრე ევროკავშირული ოქროს მდინარეები) და დაიწყება ხელისუფლების მიერ, განახლებული ენერგიით იმ „პლასტინკის“ ტრიალი - რუსული აგრესია რომ ჰქვია.
ჩავარდნები ვიღაცას უნდა დაბრალდეს. ობიექტურად - ეს ვიღაცა, ხელისუფლება უნდა იყოს, მაგრამ სულაც ამ ჭკუაზეა დღევანდელ-ხვალინდელი ხელისუფლება, დანაშაულის ტვირთი რომ ზიდოს? მისთვის გაცილებით იოლი იქნება ნაცადი „დამნაშავის“ ხელახალი გამომზეურება და ეს რუსეთი იქნება.
მაინც რა ბედნიერებაა, როდესაც რუსეთია ჩვენი მეზობელი?! რას არ დააბრალებ მას?!
ზოგი სკეპტიკოსი, რუსეთის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ომის გაუჩაღებლობას ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად აღიქვამს და იმასაც ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრებმა განაპირობეს რუსეთის განეიტრალება.
გადაჭარბებული შეფასებაა, ვინაიდან კრემლს, რომ რაიმე აგრესიული ჰქონოდა დაგეგმილი, ქართული დიპლომატია ვერაფერს გახდებოდა. რუსული პოლიტიკა არ წამოეგო ქართული პოლიტიკის, რაც მთავარია ხელისუფლების მაპროვოცირებელ განცხადებებს და თავი შეიკავა არა მარტო პირდაპირი აგრესიისგან, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა, არამედ რიტორიკაშიც არ აჰყვა ქართველ კოლეგებს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის სარბიელსა და უცხოურ მედიაში.
თვალი გადაავლეთ დოკუმენის პარაფირებიდან ხელმოწერამდე განვლილ პერიოდს და საქართველოს ხელისუფალთა, უდავოდ, გამომწვევ განცხადებებს, გაკეთებულს ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსთა წინაშე და უმალ დარწმუნდებით, ქართული მხარის ტენდენციურობაში. შინაარსი მისი, მოლა ნასრედინის საქციელს ჰგავს - ცოლი რომ, კოკით წყლის მოტანამდე გალახა (კოკა რომ არ გაეტეხა). მსგავსად ნასრედინისა - ქართული პოლიტიკა სისტემატურად ასმენდა რუსეთს ამერიკელებთან, რუსეთის აგრესიულ გეგმებზე გაჰყვიროდა, ითხოვდა დახმარებას მაშინ, როდესაც მეზობელს მსგავსი, თავშიც არ გაუვლია.
დააკვირდით, მის გუშინდელ და დღევანდელ განცხადებებს, სად არის აგრესია? სად არის ეშმაკის თავი ჩამარხული? თუ რამ მძაფრი განცხადება იყო, უკრაინას ეხებოდა, ვინაიდან ამ ქვეყანასა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები არა მარტო უკრაინისთვის იყო სასიცოცხლო, არამედ რუსეთისთვისაც.
საქართველოს მსგავსი კავშირები არ აქვს დიდ მეზობელთან. ქართული პოლიტიკის ვირეშმაკობა - საკუთარი ფასის აწევაში მდგომარეობდა, ანუ შემხედეთ, რა თავდავიწყებით ვიბრძვი თქვენი ფასეულობების ჩვენთან დასანერგად, განსაკუთრებით რუსული აგრესიის ფონზეო.
არ „ჭამა“ რუსეთმა - არც დასავლეთში ქართველ პოლიტიკოსთა აშკარა ცილისწამებლურ რიტორიკას აჰყვა და არც ნაბიჯი, ცხადია აგრესიული, გადმოდგა, რითაც ერთობ დაანაღვლიანა ქართული მხარე. რუსეთის ქცევაში არის პრაგმატიზმი და რაც მთავარია მოთმინება. რატომ იჩქარებს? ის უბრალოდ დააკვირდება ჩვენს ქცევას, როგორც ასოცირებულის ამჟამად და ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რაც მის ეკონომიკას წაადგება.
რუსეთი დარწმუნებულია, რომ ასოცირებული წევრები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას სახით, თვით მოიტეხენ კისერს, რამაც სერიოზული რყევა შეიძლება გამოიწვიოს ამ სამ ქვეყანაში. ეს რყევა უკრაინაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და თანაც ისე, ბოლო რომ არ უჩანს. ასე, რომ ქართული პოლიტიკა- დიპლომატიის საზრიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
უნებლიედ იბადება კითხვა - რა ხიბლავს საქართველოს მოქალაქეს და არა მარტო მას, ევროკავშირში? უპირველეს ყოვლისა ფასადი, ანუ ერთი თვალით დანახული ევროპა - გაწკრიალებული ქუჩებით, ენით ალოკილი სახლების სადარბაზოებით, გატკეცილი გზებით, სახლების მოვლილი ფასადები, ქუჩებში მშვიდად მოსიარულე ხალხი, საქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობა და თვით ამ ტრანსპორტის გამართულობა, წესრიგი ყველგან და ყველაფერში.
გარეგნული ეფექტი უდავოდ გაფიქრებინებს დახვეწილ კანონმდებლობასა და კანონმორჩილებაზე და რაც მთავარია კარგ აღზრდასა და თვითშეგნებაზე. ევროპელი, განსაკუთრებით გერმანელი, გამოყენებულ ბოთლს სწორედ იმ ნაგვის ურნაში ჩააგდებს, რომელიც ბოთლისთვისაა განკუთვნილი და არა სხვაში. „წითელზე“ ქუჩას არ გადაკვეთს, ისე, როგორც ჩვენ.
პატარა ავსტრიული დასახლება შლაინინგში, სადაც ერთი ცენტრალური ქუჩა გადის და რომელზეც, დიდის ალბათობით, ერთ საათში, ერთი მანქანა თუ გაივლის, შუქნიშანია. და დგას ავსტრიელი, „მწვანე“ შუქის მოლოდინში. „მოხერხებულმა“ ქართველებმა „წითელზე“, მოურიდებლად გადავკვეთეთ ქუჩა, რითაც ავსტრიელის ღიმილი დავიმსახურეთ. ჩვენ კი მას საპასუხო სიტყვა შევაგებეთ, ცხადია ჩვენს თავებში - გიჟია.
და მართლაც, რას ელოდება „მწვანეს“, „წითელზე“ გადავიდეს, მითუმეტეს ავტომანქანის ჭაჭანებაც არ არის. მაგრამ არა - ავსტრიელი, სხვა ევროპელი ამას არ გააკეთებს. და არ გააკეთებს, იმიტომ, რომ ჯარიმის ან დასჯის ეშინია. არ გააკეთებს იმიტომ, რომ აღზრდა, შინაგანი კულტურა არ აძლევს მას ამის საშუალებას. მან იცის, რომ „წითელზე“ გადასვლა კანონის დარღვევაა, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც. მან იცის, რომ მცირედ და დიდ კანონდარღვევას შორის ზღვარი მცირეა. დაუშვებ პატარა დარღვევას და დაუშვებ დიდსაც. აი, ამ „მარტივი“ ჭეშმარიტებით ცხოვრობს ევროპელთა უმრავლესობა. გამონაკლისები კი ყველგანაა, მათ შორის ევროპაშიც.
რანი ვართ ჩვენ, დიდი კულტურისა და ისტორიის ხალხი? გვაქვს თუ არა ევროპისთვის მისადაგებელი კულტურა? ვართ ან ვიქნებით თუ არა ისეთები, როგორებიც ისინი? და თუ ვიქნებით, როდის?
ამ კითხვებს რომ ვსვამ, ყველაფერზე ვფიქრობ - „წითელზე“ ქუჩის გადაკვეთასა და ქუჩის დანაგვიანებაზე, მაღალსართულიანი შენობის ფანჯრებიდან ნაგვის გადმოყრაზე, ავტომანქანებიდან ბოთლებისა და სიგარეტის ნამწვავების გადმოყრაზე, სადარბაზოებში შარდვაზე, საქალაქო ტრანსპორტში მობილურ ტელეფონებზე ხმამაღლა და გაუთავებლად ლაპარაკზე, ქუჩებზე ნამწვავების მოურიდებელ დაყრასა და ფურთხებზე, დედის გინებასა და ყ.., ყ.. ძახილზე, გამყიდველის მიერ მომხმარებლის სისტემატურ მოტყუებაზე, ხელისუფალთა მიერ ამომრჩევლის სისტემატურ მოტყუებაზე, ხელისუფლების მიერ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, თვით მას რომ წაადგება და არა ქვეყანას, გამდიდრების მიზნით სხვათა ჯიბეში ხელის ფათურზე და რაც მთავარია, რაციონალურ, მუყაით შრომაზე.
აღნიშნულ მანკიერებათა არსებობას მეტნაკლებად საბჭოთა პერიოდშიც ჰქონდა ადგილი, მაგრამ დამოუკიდებლობის ჟამს მან ფრთები გაშალა და ისეთი მასშტაბები შეიძინა, ავ თვალს არ ენახვება. დღეს, ბევრი იხსენებს საბჭოეთის დროს არსებულ წესრიგს. მართალია, ის იდეალური არ იყო, მაგრამ რაღაც იყო ისეთი, რაც დღეს არ არის.
საბჭოთა სისტემის დროს არსებული წესრიგი მხოლოდ მოგონებას შემორჩა. წესრიგმორყეულ ქვეყანაში უწესრიგობის ზეიმია - უზრდელობის და გაუტანლობის, სიზარმაცის და ყოვლისშემძლეობის ფსევდო შეგრძნების, განუკითხაობის და უკანონობის. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
დიახ! ჩვენ მოგვწონს ევროპა, მაგრამ ფასადურად, ზედაპირულად. მოგვწონს ბევრი რამ იქაური, მაგრამ არ მოგვწონს რა გზით, რა ხერხით მიიღწევა ყოველივე. ალბათ არც ის მოგვეწონება, როდესაც ყოველივე აღნიშნულის შესასრულებლად პასუხს მოგვთხოვენ - ამჟამად არა კრემლიდან, არამედ ბრიუსელიდან.
იყო თუ არა საჭირო ზემოთჩამოთვლილი მანკიერების აღმოსაფხვრელად ევროკავშირის ასოცირებული წევრობა? არამც და არამც. ამას ასოცირება ვერ უშველის. ამას ჩვენი საკუთარი ძალისხმევა სჭირდება და გამოცდილ ხელისუფალთა შეძახილი, სურვილი გარდაქმნისა. ქუჩაში გადაფურთხებაზე უარისთვის შედიხარ ევროპაში?
სამართლიანობისთვის, პატიოსანი შრომისთვის, კანონის კანონობისთვის, საყოველთაო წესრიგისთვის, შრომის დაფასებისთვის, ეკონომიკის წინსვლისთვის, სოციალური ყოფის გამოსწორებისთვის და კიდევ მრავალი სასურველი მიზნის მიღწევისთვის გვსურს ევროპაში შესვლა. არადა აღნიშნულ საკითხებში ევროპა დახმარებას ვერ გაგვიწევს. ის უბრალოდ მიგვითითებს და თუ ვერ შევძელით მითითებების შესრულება, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.
რა გამოდის? ვიღაცის მიუთითებლად, ვერაფერს ვაკეთებთ? რაც მართალია, უნდა ვაღიაროთ, რომ ვერაფერს. ვერაფერს, იმიტომ რომ ასე ვართ აღზრდილი. წესრიგისთვის იქ ყველა იბრძვის, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. ბონში, ღამის ცხრა საათზე კაფეს წინ არსებულ მაგიდასთან არ დაგვსვა ოფიციანტმა, ვინაიდან შორს მოსჩანდა საცხოვრებელი სახლი და იქ მცხოვრები მავანი უმალ დარეკავდა პოლიციაში - კაფეს წინ მაგიდასთან სხედან და მყუდროებას მირღვევენო. პოლიცია კი კაფეს მეპატრონეს დააჯარიმებდა, არადა კაფესა და სახლს შორის ისეთი შორი მანძილი იყო, ლაპარაკს კი არა, ყუმბარის აფეთქების ხმას ვერ გაიგებდნენ სახლში მცხოვრებნი.
წესი, წესია და ის ყველამ უნდა შეასრულოს, ანუ საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს ერთმანეთი. ვართ კი ამ დონეზე, თავიც ვაკონტროლოთ და სხვაც? ნამდვილად არა! და რომ ვიყოთ, სხვა ცხოვრება გვექნებოდა, ანუ დემოკრატიული, სამართლიანი.
სამართალს დამნაშავე ვერ აღადგენს. სამართლის აღმდგენი დამნაშავე კი არ უნდა იყოს, საერთოდ უდანაშაულო, ანკარა წყაროსავით გამჭვირვალე ცხოვრება უნდა ჰქონდეს გავლილი. დაგვიჩემებია, სამართალმა პური უნდა ჭამოსო და გუშინდელ „ნაცებს“, დღევანდელ „ოცნებელებს“ ვთხოვთ ამ საქმის გაკეთებას. არადა ქართული გაგებით, ისინიც ადამიანები არიან და ხელმრუდობა, „შეცდომაც“ დასაშვებია.
ვიღაც გაჰყვირის - გუშინდელი კრიმინალებით, რომლებიც უხვად არიან სამართალდამცავ ორგანოებში, აღადგენ სამართლიანობასო?! და მართალია. არადა, „ნაცთა“ ძალისხმევით, ყველა დაწესებულება სწორედ ასეთებით იყო დაკოპლექტებული. მთავარი - ხელისუფალთა სიწმინდე და საქმისადმი ერთგულება უნდა იყოს. მანკიერებები, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი იმათი გამჭოლი მზერის ქვეშ ხდებოდა და ხდება - საითაც მივდივართ.
ქართველთა გახრწლის საქმეში ევროატლანტიკურ სივრცეს უდიდესი დამსახურება მიუძღვის. მან არათუ მიუთითა ამაზე ხელისუფლებას, პირიქით წაახალისა, გუნდრუკი უკმია და შესაბამისი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ისეთი რეიტინგები მოგვახვია თავს - თქვენი მოწონებული. ყველა პარამეტრით წარმატებული საქართველო პირველი თუ არა, პირველ ათეულში მაინც იყო მოხსენიებული. სად დაიკარგა ეს პირველობა? ისეთი შთაბეჭდილება იყო შექმნილი, ჩვენ კი არ უნდა შევსულიყავით ევროკავშირში, ისინი უნდა შემოსულიყვნენ ჩვენთან.
აი, რა ძალა აქვს „პატიოსან“ ფულს, რომელსაც „ნაცთა“ ხელისუფლება დასავლეთისთვის არ იშურებდა და ისიც ეწაფებოდა საქართველოდან წასულ დოლარებს, როგორც ხბო ძროხის ცურს. როგორც ამბობენ ამ „რძემ“ გააზიზინა ბრაისები, მაკკეინები, ლუგარები, ფულეები, ეშტონები, სხვები და სხვები. ამ „რძემ“ ათქმევინა მათ - „საქართველო ასოცირებული“ უნდა იყოსო და არა იმან, რომ ქართველთა თვალები მოეწონათ და კიდევ იმან, რომ საქართველო ევროპის კონკურენტ რუსეთს ესაზღვრება.
მენტალურად გარდაქმნა ყველას უნდა შეეხოს - უპირველესად ხელისუფლებას. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დამნაშავეს ხელი არ უნდა აფაროს ევროპა-ამერიკის პოლიტიკოსებმა, მითუმეტეს თითო-ოროლა დაპატიმრებულ „ნაცს“, ციხეში არ უნდა მიაკითხოს. პატიოსანმა „ნაცებმა“ ციხიდან, ინტერნეტისა და მედიის დახმარებით ტვინი არ უნდა გაგვიხვრიტონ - მართლები ვართო. მათმა მეუღლეებმა ტელეეკრანები არ უნდა წალეკონ ისეთი განცხადებებით, როგორებიცაა რუსეთის ძალისხმევა ბაჩო ახალაიას სასჯელის გაზრდაში (ახალაიას მეუღლის განცხადება).
რა პრიმიტივიზმია?! და ჩვენც პრიმიტიულები - ამის მომსმენნი. რაღაც ვერ ვიხსენებ საზოგადოების საპროტესტო მიტინგს ამათუ იმ ტელეკომპანიასთან მსგავსი მაგალითების აღსაკვეთად.
საზოგადოება არა მარტო ამ კონკრეტულ მაგალითზეა გულგრილი, გაცილებით მნიშვნელოვანზე, მაგალითად, ისეთზე, „ზემელზე“, ახალი საბაგიროს მშენებლობა რომ ჰქვია. მარტო ცნობილი არქიტექტორი, უდავოდ პატრიოტი ადამიანი, ვახტანგ დავითაია გაჰყვირის - ამის გაკეთება არ შეიძლებაო. სხვა დუმს. როდესაც არსებობს საბაგირო გზის ნაცადი ტრასა, თავისი ქვემო-ზემო სადგურებით ახლის, თანაც მახინჯის და სახიფათოს გამოგონება, რაღა საჭიროა? და ეს ხდება ყველას - მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის თვალწინ.
ყვირის მარტო დავითაია. სხვები გაყუჩებულები ვართ, იმიტომ, რომ ფეხებზე გვიკიდია. გაყუჩება - დანაშაულია, ვინაიდან ცუდი საქმე კეთდება, ვიღაცის ჯიბის გასქელების გამო. გაყუჩებამ წალეკა „კომკავშირის“ ხეივანი, ვაკის პარკი, სხვა ტყე-პარკები, ძირში მოთხარა მამასისხლად ნაშენი სკვერებისა და პარკების მწვანე საფარი, გმირთა მოედანი „დაამშვენა“ უბადრუკი და ტრეფიკგაუმტარი ესტაკადით, ძველ ქალაქში გადო არსად მიმავალი ხიდი და წამოჭიმა ორ „ტრუბიანი“ შენობა, მოლაპლაპე ექსტერიერით, დომინანტად სიონის ტაძარზე, ძველ ქალაქზე.
ამ ყველაფერში მთავრობაა დამნაშავე, მაგრამ არანაკლებ ყოველივე ჩვენგანი. დანაშაულის მომზირალნი. დამნაშავენი არიან უცხოელი, ამ შემთხვევაში ევროპელი არქიტექტორებიც, ვინც შეკვეთა მიიღო. მოდერნის სიძველეში ჩაკვეხება დანაშაულია.
დანაშაულია ის, რომ დღემდე ვერ გამოიძებნა სოფლის მეურნეობის სამკურნალო წამალი, არადა რახანია დამოუკიდებლები ვართ.
დანაშაულია, როდესაც შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლუკმა-პურისთვის უცხოეთს არის გადახვეწილი.
დანაშაულია, როდესაც ხელისუფლება საკუთარი კუჭით არის დაკავებული და ქვეყანა ფეხზე ჰკიდია.
დანაშაულია, ქვეყნის ისეთ დონეზე დაყვანა, როგორის დღეს არის.
დანაშაულია ის საგარეო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება აწარმოებს.
და როდესაც ამდენი დანაშაულია, გვიშველის ასოცირება?
P.S. ეს-ესაა, ამერიკულმა კვლევამ გვამცნო დემოგრაფიული წინსვლის თაობაზე. მსოფლიო მოსახლეობა იზრდება, მან 7 მილიარდს გადააჭარბა. იზრდებიან ქვეყნები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც კატასტროფულად მცირდებიან. და არა მარტო მწირი შობადობის და მაღალი მოკვდაობის გამო, არამედ სამშობლოდან ლუკმა-პურის საძიებლად სხვა ქვეყნებში წასვლის გამო. ასეთთა რიცხვში საქართველოცაა მოხსენიებული. „ასოცირება ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მოგვიტანსო“, - გვახარებს ხელისუფლება. და სულ არ ფიქრობს, რომ ამ „სასიხარულო“ ამბავს ქართველებისგან ქვეყნის დაცლა მოჰყვება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
04/07/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.