ვინ იქნება შემდეგი?

hamlet chipashvili-politologi

ევროპაში მორიგი გლოვაა, ამჯერად ბელგიაში, ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქ ბრიუსელში. ვინ იქნება შემდეგი?
გახშირებულმა ტერაქტებმა კაცობრიობას მარტივი მაგალითი აჩვენა - ანტაგონიზმი რადიკალ მუსლიმანებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. რადიკალ მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის საუკუნეობრივ დაპირისპირებას თან ერთვის მუსლიმანი სუნიტებისა და შიიტების ბრძოლა, ისიც საუკუნეობრივი, მაგრამ 21-ე საუკუნეში მან მეტი სისასტიკე, მეტი სისტემატურობა შეიძინა.
სოციალური უთანხმოება, სოციალურ ფენებს შორის გაჩენილი ხრამი, უმუშევრობა, გაუნათლებლობა, ორმაგი სტანდარტები - აი, ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც ნოყიერად გრძნობს თავს რადიკალური ისლამი, საერთოდ ტერორიზმი. ღარიბთა მდიდრებზე შეტევა - არახალია, თუმცა დღევანდელ პირობებში მან უკიდურესი ფორმები და სისტემურობა გამოავლინა.
ისე, როგორც ყველა წინა შემთხვევაში - „ისლამური სახელმწიფო“ არის ბრიუსელის ტერაქტების სულისჩამდგმელი. ტერორისტული დაჯგუფება, რომელმაც სირიისა და ერაყის ტერიტორიები დაიპყრო და თავი „ისლამურ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა, უსერიოზულეს თავსატკივრად გადაიქცა. ძნელია დაამარცხო ასეთი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის, მაგნიტივით იზიდავს ახალ-ახალ კადრებს - თვითგვემის, თავის შეწირვისთვის.
ინტერნაციონალურია „ისლამური სახელმწიფო“. მასში 80 ქვეყნის წარმომადგენელია, როგორც რიგითი ჯიჰადისტი, ისე მეცნიერები, ექსპერტები, პროგრამისტები, ეკონომისტები და ა.შ. ეს, ის ძალაა, რომელმაც, მანამდე შიშის მომგვრელი „ალ-ქაიდა“ ძუძუმწოვარ ბავშვად აქცია. „ისლამური სახელმწიფო“ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციაზე ძლერია, ამიტომაც ბევრი მათგანი აღიარებს და ემორჩილება მას.
„ისლამური სახელმწიფო“, საკუთარი ამბიციური გეგმების მიხედვით, მსოფლიო ბატონობისკენაა მიდრეკილი, სხვას ვერაფერს უწოდებ მოწოდებას - გიბრალტარიდან- ჩინეთის კედლამდე, რომელიც რახანია მიზნად გაიხადა „ისლამურმა სახელმწიფომ“.
სად არ ნახავთ ამ „სახელმწიფოს“ ტერორისტულ ფესვებს, აფრიკაში, ევროპაში, აშშ-ი, ცენტრალურ თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. საკმარისი გახდა ავღანეთში ყურადღების ოდნავი მოდუნება, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ამ ქვეყნის პროვინციების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელთ ეგდო.
წარმატებით მოქმედებს „ისლამური სახელმწიფო“ ლიბიაში და ნიგერიაში. პირველში, დასავლეთის უშუალო მონაწილეობით, ისეთი ქაოსია შექმნილი, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კი არა, მომავალი სხვა ტერორისტული ორგანიზაციებიც რომ მშვენივრად გაიფურჩქნებიან.
თანამედროვე ტერორიზმი პოლიტიკას უკავშირდება, პოლიტიკის პირმშოა და იარაღი ერთი ქვეყნის ხელში, მეორის საწინააღმდეგოდ. პოლიტიკური თვალსაზრისით შეიქმნა ტერორისტული „ალ-ქაიდა“ და მიიმართა ავღანეთში მებრძოლი საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ. მამა, ისე, როგორც დედა - აშშ-ს სპეცსამსახურებია. რა მიიღო მსოფლიომ? - ავღანეთში გაუთავებელი ომი, მშვიდობიანი ავღანელებისა და დასავლელი სამხედროების უდიდესი მსხვერპლი, ნგრევა, უბედურება, მაგრამ, რაც მთავარია ტერორისტული ინკუბატორი.
ავღანეთის ნორმალურ ქვეყნად გადაქცევას ეს საუკუნე არ ეყოფა. და არა მარტო ავღანეთის, მეზობელი პაკისტანის, სადაც ისე, როგორც ავღანეთში, სხვა ტერორისტული ორგანიზაცია, „თალიბანი“ მოქმედებს.
შეიქმნა ქაოსი, რომელსაც ხშირად მართვადსაც უწოდებენ. შემქმნელმა ეს არ იკმარა და საკუთარი ამბიციური გეგმებიდან გამომდინარე სირიასაც დაეტაკა. ცხადია, არა პირდაპირ, ირიბად, სხვისი ხელით. და ეს „სხვისი ხელი“ მის მიერ შექმნილ „ალ-ქაიდას“ ბაზაზე ახალი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იყო.
დასავლეთისთვის მტრად ქცეულ სირიის მთავრობას არა მარტო „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ქაიდას“ ფილიალი „ჯებხატ ან-ნუსრა“ მიუსიეს, არამედ უამრავი სხვა ტერორისტული ორგანიზაცია. მსუყე დასავლურმა დაფინანსებამ, დასავლელთა ზეწოლით, მდიდარი არაბული ქვეყნების ფულმა, პროპაგანდისტულმა მანქანამ შეაძლებინა „ისლამურ სახელმწიფოს“ თავის რიგებში სხვადასხვა ქვეყნის და ეროვნების ექსტრემისტის გაერთიანება.
თავის მოკვეთის სცენების ამსახველი ვიდეო-კადრებით დაიფარა ინტერნეტი. რადიკალი ისლამისტების მიერ შევიწროვებულმა მოსახლეობამ სამშობლოდან გაქცევა არჩია. სამ მილიონზე მეტი გადავიდა თურქეთში, სხვა მეზობელ ქვეყანაში, რომლებსაც არათუ დაუპატიჟებელი სტუმრების მასპინძლობა, საკუთარი თავიც ვერ გამოუკვებია. და შემდეგ ვიღაცის დირიჟორულმა ხელმა თურქეთში მყოფი ლტოლვილები ევროპისკენ დაძრა. მას ჩრდილო აფრიკის, ცენტრალური აზიის გაუბედურებულებიც შეუერთდნენ. შეიქმნა პრობლემა, რომლის გადაჭრას ბოლო არ უჩანს.
საქართველოს ერთ-ერთი სამხედრო ჩინოსანის განმარტებით, ევროკავშირზე ლტოლვილების მისევა, სირიაში, რუსეთის სამხედრო ჩარევის ბრალია, ვინაიდან მისი ავიაცია ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და არა „ისლამურ სახელმწიფოს“. მოსახლეობაც იძულებულია მიატოვოს სამშობლო და ევროპას შეაფაროს თავი. ეს განცხადება ამერიკელი გენერლის ბრილავის თბილისში ყოფნის დროს გაკეთდა. მუყაითმა მოწაფემ ასიამოვნა მასწავლებელი, რომელიც მუდამ გაიძახის, რომ ევროპას რუსეთის აგრესია ემუქრება. რამდენად ჩაუხედავი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომ მსგავსი განცხადება გააკეთოს.
პირველი განმცხადებელი უბრალოდ ბრიყვია, ვინაიდან არ იცის მარტივი სინამდვილე. მან უნდა იცოდეს, რომ რუსეთი სირიაში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში იმყოფება, მაშინ როდესაც აშშ-ი და მისი მოკავშირეები ხუთი წლის განმავლობაში ეომებიან სირიას. ხუთი წელია სამმილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს თურქეთის ტერიტორიაზე, თურქეთ-სირიის საზღვართან.
მეორე განმცხადებელმა, ნაცვლად იმისა, რომ ევროპაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე იფიქროს, რუსეთის არარსებულ აგრესიაზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც აშკარად ეწინააღმდეგება საკუთარი „თეთრი სახლისა“ და სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას, რაც დაფიქსირდა ქერის მოსკოვში ვიზიტის დროს.
ოკეანისგადაღმელმა „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ ურჩია ევროკავშირსა და მის ლოკომოტივად წოდებულ გერმანიას კარი გაეღოთ ლტოლვილებისთვის. ლიბერალმა და უაღრესად „დემოკრატმა“ ევროპამ ჩაიხუტა 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი მუსლიმანი, რითაც გაიუარესა ყოფა.
ლტოლვილთა დედად წოდებული გერმანიის კანცლერი მერკელი - მდინარის საწინააღმდეგოდ მცურავი, იმდენად დაიბნა, რომ თავის გადარჩენის ერთადერთ წყაროდ ერდოღანის თურქეთი მიიჩნია. მაინც რაოდენ სარისკო ნაბიჯი იყო მისი და ოფიციალური ევროკავშირის გადაწყვეტილება ფულით მოეხიბლათ გაქნილი ერდოღანი და მილიარდობით ევროს გამოყოფით, შეეჩერებინათ თურქეთიდან ევროპისკენ დაძრული ლტოლვილების ნაკადი.
მაგრამ ევროპისკენ დაძრული არა მარტო თურქეთში მყოფი სირიელი და ერაყელი ლტოლვილებია, არანაკლები ტალღა მიდის აფრიკის ქვეყნებიდან. ევროპელთა ლიბერალიზმმა, აშშ-დმი მორჩილებამ - ახლა ევროპაში შექმნა ქაოსი. თვით ევროკავშირში - დაპირისპირება. ჩაიკეტა საზღვრები. უვიზო მიმოსვლის შენგენის ხელშეკრულებას წყალი შეუდგა. ცხადია, ევროპაში შესულთა შორის ტერორისტებიც არიან, მაგრამ მათი მოქმედება მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი ისინი ირჯებიან, ვინც მუსლიმი ევროპელებია - გადასული „ისლამურ სახელმწიფოში“.
წყნარ, დაპურებულ, ევროპულ ცხოვრებას დიდი პრობლემები შეექმნა - შიში დღევანდელი და ხვალინდელი დღისა. როდესაც ევროპელ ქალებს აუპატიურებენ, არასრულწლოვან ბიჭებს ხმარობენ; როდესაც, ნაცვლად სერიოზული რეაქციისა, ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს მოუწოდებს, ერთი მეტრის სიშორეზე იყვნენ ლტოლვილი მამაკაცებისგან; როდესაც ხელისუფლება ჩქმალავს ლტოლვილების მიერ ჩადენილ დანაშაულს, რათა საკუთარი თავის ლუსტრაცია არ მოახდინოს, ქაოსია. მაგრამ მასაც აქვს საზღვარი. და ეს ანტისახელისუფლებო გამოსვლებია.
ლტოლვილთა აღვირახსნილობამ, მოჭარბებულმა ტერორისტულმა აქტებმა, ასევე მოჭარბებულმა „ევროპულმა“ მეჩეთებმა, ევროპელთათვის მიუღებელმა მუსლიმური ცხოვრების წესებმა საპროტესტო სულისკვეთება გააჩინა ევროპაში, კონტინენტზე, სადაც იშვა ფაშიზმი. ზედმეტმა ტოლერანტობამ იმ ნაციონალიზმის აღორძინებას შეუწყო ხელი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ევროკავშირში დიდი პრობლემა შეიქმნა, რომლის გადაჭრას ათეულობით წელი დასჭირდება და ვიდრე ის თავის პრობლემებში იქნება ჩაფლული, აშშ-ი, როგორც ლაღი მტაცებელი, უკონკურენტოდ ინავარდებს მსოფლიოში.
აშშ-ს მეცადინეობით გაჩენილი „ცხელი“ წერტილები ფართოვდება. ცენტრალურ აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, უკრაინაც დაემატა ანუ რუსეთის საპირისპირო „ცხელი“ წერტილი - მრავალწლიანი პრობლემა კრემლისთვის.
მაინც რა სიძლიერის უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც ფინანსურ-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და მზაკვრულ-ტერორისტული თვალსაზრისით, მსოფლოს ატრიალებს. მასთან შედარებით სხვები უმწიფროდ გამოიყურებიან, მაგრამ დიდხანს? თავის გადარჩენის სურვილი მძლავრობს მათში და არა ის, რაც ამერიკას სურს - იყოს მორჩილი, თუ სიცოცხლე უნდა. დამონებული ცხოვრება მიუღებელია რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ზოგიერთი სხვისთვის და რახან ასეა, ისინი დასავლეთისგან გარიყული არიან, მათ ირგვლივ სამხედრო სარტყელი იქმნება, მასთან ერთად მტრის ხატი.
ამერიკა-ევროპა-ნატომ ბოლო ორი წელი ინტენსიურად იმუშავეს რუსეთისგან მტრის იმიჯის შესაქმნელად, მისთვის აგრესორის ნიღბის ჩამოსაფარებლად. აშშ-ა მძიმე სამხედრო ტექნიკა გადაისროლა აღმოსავლეთ ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლად, მას ჯარიც მიაყოლა. და ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება 21-ე საუკუნის გამოწვევა ტერორიზმზე გადაეტანა, უკრაინის „გადემოკრატებას“ მიჰყო ხელი.
შედეგი? ერთ დროს წარმატებული უკრაინის გაპარტახება, უკრაინელთა, რუსეთზე გადაკიდება, ომი, ფაშიზმის აღორძინება. ქვეყანა, რომელიც საკუთარი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებაზე ისეთს აკეთებს, რასაც უკრაინა ჰქვია, მაგარია. მაგრამ მაგარია, საკუთარი ჰეგემონიზმისთვის. მსოფლიო კეთილდღეობისთვის? - საშინელება. ვინ იცის, კიდევ სად და რამდენ „ცხელ“ წერტილს, ქაოსს შექმნის პირველობისთვის მებრძოლი?
ბელგიაში, გლოვაა. ევროკავშირის კომისარ მოგერინის ცრემლი ჩამოუგორდა. პარიზმა და სხვა ქალაქებმა საკუთარი ღირსშესანიშნაობები ბელგიის დროშის ფერებში „შეღებეს“. ისე, როგორც პარიზში, ბრუსელშიც გაისმა - „მე, ბრიუსელი ვარ“. ისე, როგორც საფრანგეთის, ვერც ბელგიის მთავრობამ ვერ გამოიცნო მოსალოდნელი ტერაქტი. ისიც უსუსური გამოდგა. „ისლამური სახელმწიფო“ კი ახალ ტერაქტებს გეგმავს - თანაც მუქარით.
გვეშველება რამე? ალბათ არა, ვინაიდან ტერორიზმთან ბრძოლა, ყველას მობილიზაციას მოითხოვს, ორმაგი სტანდარტის უარყოფას, „შენი“ და „სხვისი“ ტერორისტებად დაყოფის უარყოფას, თანმიმდევრულ პოლიტიკას. ამ მხრივ რუსეთი სამაგალითოა, ამიტომაც ჰყავს მას მოწინააღმდეგები ამერიკა-ევროპის სახით. ამიტომაც უწოდებენ მას აგრესორს სირიასთან მიმართებაში.
ტერორიზმთან ბრძოლას ერთობა სჭირდება, მაგრამ ამერიკა-ევროპა, რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მომართული არ არის. მას პოლიტიკა ჩრდილავს და რახან ასეა, წინ არაერთი ტერორისტული აქტი გველოდება, შემდეგ „თვითგვემა“ და „გლოვა“ დასავლელ პოლიტიკოსთა. ისინი, როგორმე გადაიტანენ ამ ტრაგედიას. ბრალი იმათი, ვინც ხელისუფალთა ორმაგ პოლიტიკურ სტანდარტს შეეწირა და უდროვოდ, ძალით განარიდეს ამ წუთისოფელს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
25/03/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.