მთავარი მეოცნების პოლიტიკური სცენიდან წასვლის სავარაუდო მიზეზები

საარჩევნო ვადის გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ, ამომრჩევლისა და არჩეულის დამოკიდებულება რომ კარდინალურად იცვლება, ცნობილი ფაქტია. ისიც ცნობილია, როდესაც არჩეული, ამომრჩეველს ზემოდან უწყებს ყურებას, თანაც დამცინავად, გულში გავლებით - რა ბრიყვები ყოფილანო. ამ თვისებით, სამწუხაროდ, არჩეულთა დიდი ნაწილია დაავადებული და რაც არ უნდა ვიძახოთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთო, ამ საქმეს არაფერი ეშველება, პირიქით „დემოკრატიის“ წყალობით არჩეულნი და ძმანნი მისნი უმალ პირში მოგახლიან - არ გინდათ ბატონო და მომავალ არჩევნებზე ნუღარ აირჩევთ, თქვენი ნება არ არისო.
და მართლებიც არიან - არჩევნები ხალხის ნება-სურვილის გამოხატულებაა, მაგრამ აქ არა, იქ - ე.წ. დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქ რაც იყო, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, იმას უფრო სიტყვა „ავტოარჩევნები“, ავტოპორტრეტის მსგავსად, მიესადაგება. რა იქნება მომავალი ოქტომბრის არჩევნებში, არავინ უწყისს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგით ამომრჩეველი კმაყოფილი არ არის, რასაც არა მარტო სამზარეულოში, საჯაროდაც გამოხატავს, ისე, როგორც ცნობილი მწერალი თამაზ წივწივაძე „საერთო გაზეთში“:
„ქვეყანა დიდი ნაბიჯებით წინ რომ წასულიყო, ჯერჯერობით საამისო არაფერი ეტყობა! ისევ უსამართლობა! ისევ უმუშევრობა! ისევ შიმშილი და უიმედობა! კარგი, რა! რისი პირველი ეტაპი დამთავრდა, ბატონო ბიძინა, რა ნაგავშიც აქამდე ვიყავით საქართველოს მოსახლეობა, დღესაც იმავე ნაგავში ვართ თავჩარგული და ქათმებივით ვიქექებით მეორეადი მოხმარების საკვების მოსაპოვებლად“.
მსოფლიოში არსებული ცნობილი ფაქტია არჩევნების მარათონში, ასარჩევ კანდიდატთა მხრიდან უამრავი დაპირების დახვავება, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ იქ, ე.წ. დემოკრატიულ სამყაროში არჩეული, დანაპირების რაღაც პროცენტებს მაინც ასრულებს. აქ, დაპირება, დაპირებად რჩება. ასეა დღემდე, „ოცნების“ ზეობის ჟამსაც. არც წვრილმანი და არც მსხვილმანი დანაპირების შესრულებას პირი არ უჩანს და რახან არც გამოუჩნდება - მიზეზთა გამო, მთავარი მეოცნებე, პოლიტიკური სცენიდან წასვლას აპირებს. ბარაქალა ბიძინას არჩევანს.
მიხვდა კაცი, რომ სახელმწიფო მოხელეობა მისი საქმე არ არის. მილიარდების პატრონი, რა თავში იხლის პრემიერობას და მთავრობის სხდომომანიას?! დაუბრუნდება თავის ბიზნესურ საქმიანობას და შორიდან, ხანდახან, შეხედავს მის მიერ დატოვებული ყმაწვილი გოგო-ბიჭების (პოლიტიკური უწიგნურობიდან გამომდინარე და არა ასაკიდან) ნაცოდვილარს.
რა არის ამაში გაუგებარი?
არც არაფერი, მითუმეტეს მოსვლამდე ხომ გვაფრთხილებდა - დიდი, დიდი ორი წლით მოვალო. ეს დაპირება ხალხმა ისე გაიგო, როგორც უნდა გაეგო ანუ ყურადღება არ მიაქცია, იფიქრა რა - ხუმრობს ალბათო. მსგავსი, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და რაღა ახლა გამართლდება მისი ნათქვამიო.
გაჯიქებულმა ბიძინამ კი მოუხშირა წასვლის თემაზე ლაპარაკს და როგორც იქნა ურწმუნო თომებს შეაგნებინა, რომ მისი დაპირება, წასვლასთან დაკავშირებით, ხელშეუვალი ჭეშმარიტებაა, არა ისეთი, ამომრჩეველს რომ დაპირდა - ქვეყანას ავაშენებო.
და დაიწყო სხვადასხვა სახის ვარაუდების ჩამოყალიბება მის წასვლასთან დაკავშირებით. ზოგი რას ამბობს და ზოგიც რას - ამის ბრალი და იმის ბრალიაო. ზოგი ამერიკაზე მიანიშნებს, ზოგიც რუსეთზე - დიდი ქვეყნების ზეწოლას ვერ უძლებს და იმიტომ მიდისო. მოსვლამდე, ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული მისეული მსუბუქი წარმოდგენა, რომ ყოველდღიურმა გაუსაძლისობამ გააბათილა, იძულებული გახდა წასვლაზე ეფიქრაო და ა.შ.
ისე კი, კაცმა რომ თქვას, ყოველდღიური ამერიკული პრესის ატანა ხუმრობა ხომ არ არის. რაღაცას იტყვი და ნორლანდიც სისხამ დილით მოგივარდება.
ბიძინას საბედნიეროდ, რუსეთის საელჩო აქ არ არის, თორემ არც მისი ელჩი დაახანებდა. ახლა ეს ბიჭ-ბუჭა ჟურნალისტები, თავხედურად რომ პირში უვარდებიან და აზრის დამთავრებას არ აცლიან. ძნელია მათი ატანა, მითუმეტეს გარდაქმნა. ისინი ასეთები არიან და ასეთებად დარჩებიან.
ბიძინას წასვლის მთავარ მიზეზად ხალხი სააკაშვილისა და მისი ნაცების დანაპირები დასჯის შეუსრულებლობას ასახელებს, იშველიებს რა თვით მთავარი „მეოცნების“ შემრიგებლურ სიტყვებს - ისინიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და უნდა შევუნდოთო ან სააკაშვილს არავინ დაგვასჯევინებს, ვინაიდან ამერიკელთა ჯილაა რეგიონის დემოკრატიზაციაშიო და ა.შ.
ზოგი იმასაც ამბობს, ივანიშვილმა აშშ-ს შეკვეთა შეასრულა - ხელისუფლებაში მოიყვანა რესპუბლიკელებ-ალასანიას პროამერიკული გუნდები, თან „ნაციონალებიც“ შეინარჩუნა, როგორც გავლენიანი პოლიტიკური ძალა - დავალება შეასრულა და მიდისო.
ზოგი იმასაც ამბობს, ბიოლოგიური ლაბორატორია მას ძალიან აღიზიანებს, მაგრამ, ამერიკელთა ხათრით, ვერაფერს ამბობს საწინააღმდეგოსო.
ბიოლოგიური ლაბორატორიის თემა, როგორც იქნა საზოგადოების მიძინებული ყურადღების არეალში ხვდება, თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ ამ საკითხს ჯეროვანი ყურადღება ექცევა, ვინაიდან „ანაღვლე“ საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, რა „საჩუქარი“ მოგვიძღვნა „საყვარელმა“ ამერიკამ.
საქმეში ოდნავ ჩახედულნი იმასაც ამბობენ, რომ ბეღურების, მერცხლების გაქრობა, ბიოლოგიური ლაბორატორიების ბრალია და იმ ექსპერიმენტების, რასაც აქ აქვს ადგილიო. საქართველოს თითქმის ყოველი კუთხის მცხოვრები ღორების მასობრივ დაცემას სხვადასხვა სახის დაავადებათა ხელოვნურ გავრცელებას აწერს და ხელს ლაბორატორიისკენ იშვერს. სხვათა შორის არა მარტო ისინი, არამედ რუსებიც, ონიშენკოს სახით, თითს სწორედ იქითკენ იშვერს. „ღორის ჭირი, ჩრდილოეთ კავკასიაში შემოსული, საქართველოდან ვრცელდებაო“, - აცხადებდა ის.
ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე, როგორც ვაშინგტონის ოფიციალური პირები, აცხადებენ - დიახ! ლაბორატორია ჩვენ ავაშენეთ 300 მილიონ დოლარად, პერსონალიც ჩვენ ვატრენინგეთ საზღვარგარეთ და მომავალში დიდ შედეგს ველითო. არავითარი მავნე ვაქცინები, სხვა სახის რეაქტივები აქ არ მზადდება და თუ არ გჯერათ, მიდით და ნახეთო.
მაგრამ, ხალხს მაინც არ სჯერა, ვინაიდან ძნელია დაიჯერო მატყუარა ხელისუფლების, მითუმეტეს აშშ-ს ასევე მატყუარა ხელისუფლებასთან ტანდემში მყოფის.
შეიძლება თუ არა დაეჯერებოდეს ხელისუფლებას, რომელიც წლების განმავლობაში არა მარტო საკუთარ ხალხს, არამედ სხვა ქვეყნების ხალხებსაც და მთავრობებსაც გულმოდგინედ უსმენდა. და რაც კიდევ უფრო გასაღიზიანებელია - უსმენდა თავის მოკავშირეებს. სწორედ ამიტომაც, პროტესტის ნიშნად, ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა გადადო ოფიციალური, სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ი. მას, გადაწყვეტილება ვერც აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სატელეფონო ზარმაც ვერ გადააფიქრებინა.
ახლა რაც შეეხება ლაბორატორიას, უნებლიედ იბადება კითხვა, რატომ მაინცდამაინც ბიოლოგიური ლაბორატორია?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საინტერესოს ვკითხულობთ. მაგალითად, „ეს არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც აშშ-ა 2000 წლების დასაწყისში შემოგვთავაზა. მისი ინიციატორი სენატორი ლუგარი იყო. ასე გაჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე 22 ბიოლოგიური ლაბორატორია, მათ შორის დიდი ცენტრები ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. ამ ლაბორატორიების მთავარი მიზანია, რეგიონების დამახასიათებელი ბაქტერიების, ვირუსებისა და მიკროორგანიზმების შეკრება და შესწავლა, აგრეთვე ინფექციების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში“.
შეისწავლეს, მაგრამ ღორების დაავადებას და ქათმების გაწყვეტას ვერაფერი უშველეს, არათუ საქართველოში, არამედ, ონიშჩენკოს მიხედვით, რუსეთშიც. „ამ ლაბორატორიებიდან შემოდის რუსეთში პირუტყვის სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის „აფრიკული შავი ჭირი“, რომელიც ღორებს აზიანებს“, - თქვა მან.
ონიშჩენკომ ლაბორატორიას სამხედრო ობიექტი უწოდა, რომელიც მოითხოვს „ნეგატიურ და მკაცრ“ შეფასებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.
აღნიშნულ ლაბორატორიასთან მიმართებაში არა მარტო რუს ონიშჩენკოს აქვს ნეგატიური მოსაზრება, არამედ აშშ-ს მკვლევართა ჯგუფს, მათ შორის ჯეფრი სილვერმანს. ჯგუფი ამტკიცებს, რომ ლაბორატორიები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
ამერიკული ჯგუფის გამოკვლევის შედეგებზე ქვევით მოგახსენებთ, ამჯერად კი სხვებთან ერთად დავსვამ მარტივ კითხვას - 2000 წელს, გაპარტახებულ საქართველოში, რომელსაც გაცილებით მეტად ესაჭიროებოდა სხვა სახის ფაბრიკა-ქარხნები, მათ შორის ხილის გადამამუშავებელი, რაღა მაინცდამაინც ბიოლოგიური ლაბორატორია? თან რეგიონში უნიკალური? რაღა მაინცდამაინც ბიოლოგიური ლაბორატორია ამოიჩემა ვაშინგტონმა და არა სხვა რამ? კავკასიაში, რაღა საქართველოში და არა აზერბაიჯან-სომხეთში?
ამ კითხვებს BBC-სთვის გაცემული პასუხი ვერ აკმაყოფილებს, ვერც ლაბორატორიის წარმატებულობა ჩანს, ვინაიდან ღორები და ფრინველები იხოცება. ეს დახოცვა არ არის ის, ნაცებმა, ჭირის საბაბით (ჭირი მოდისო), მოსახლეობას ღორები რომ დაახოცინეს თავიანთი მმართველობის პირველ წლებში. თუ არ ვცდები, მაშინ ამ კამპანიას, როგორც ხალხი ამბობდა, „სახელოვანი“ ოქრუაშვილი ედგა სათავეში. ხალხი იმასაც ამბობდა, „შავი ჭირის გავრცელების შიში“ - ფოთში მომდგარი გაყინული ღორის ხორცის გასაღებით იყო გამოწვეულიო.
ახლა კი დავუბრუნდეთ ამერიკელებს. 2013 წლის 27 აგვისტოს ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტმა, პოლიტიკური გამოძიების სფეროში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და დაზვერვის თანამშრომლების გამოცემის („ვეტერანები დღეს“) მთავარმა რედაქტორმა, გორდონ დაფმა გამოაქვეყნა სტატია „შეერთებული შტატების კონტრაქტორები სირიაზე ქიმიურ შეტევას ადასტურებენ“, და ვიდეო - „საჰაერო შეტევასთან სირიის არმიას საერთო არაფერი აქვს“, რომელშიც ნათქვამია: „ვიდეო, რომელსაც უყურებთ, სირიაშია გადაღებული. მასზე ასახულია იარაღი, რომელიც საქართველოდან გადმოგზავნეს. ამ ყველაფრის უკან აშშ-ი დგას. ჯეკ კიმი ის ადამიანია, რომლის დახმარებითაც ეს იარაღი საქართველოდან, თურქეთის გავლით, სირიაში აშშ-ის ხელშეწყობით ჩამოვიდა.
ქიმიური იარაღის კვალს საქართველოდან მოჰყვნენ. იგი „ალ-ქაიდას“ ტერორისტებს სირიის ტერიტორიაზე თურქეთის არმიის ქვედანაყოფებმა ჩამოუტანეს“.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არსებული ლაბორატორიების ქსელს, ფაქტობრივად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მართავს და მას შეტევითი პოტენციალი აქვს. ზოგი უფრო შორსაც კი მიდის და აცხადებს, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოსა და მის მოსახლეობას თავისი მიმდინარე კვლევებისთვის იყენებს. მეც ამგვარი ეჭვი მაქვს. რუსები დარწმუნებული არიან, რომ ქართველები, მათი მეგობრები, ნატო, აკეთებენ იმას, რაც არ არის დაშვებული საერთაშორისო ბიოიარაღის შესახებ შეთანხმებით. აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს აქვთ ბიოკვლევის პროექტები საქართველოში. ისინი ნიღბავენ ამ ყოველივეს, თითქოს სამოქალაქო კვლევას ახორციელებენ.
რუსული მედია იყო საქართველოში რამდენიმე კვირის წინ და გადაიღო საგამოძიებო ფილმი, რომ აშშ-ა ამჟამად დროებით შეაჩერა ალექსეევკაში ბიოიარაღის განვითარების გეგმა, რუსული პრესის გამო.
ჭეშმარიტება მალე გამომჟღავნდება, თუ რატომ დაიხარჯა ამდენი ფული ამ ლაბორატორიაზე და როგორ იყენებდნენ აშშ-ი, თურქეთი და საუდის არაბეთი საქართველოს, რათა ქიმიური იარაღი მიეწოდებინათ ტერორისტებისთვის, ძირითადად „ალ-ქაიდასთვის“. ერთი რამ ნათელია, ამერიკელები ჯერ კიდევ არიან ჩართულნი ბიოკვლევით პროგრამებში საქართველოში. ქართველებს არ შეუძლიათ ასეთი ლაბორატორიის მუშაობის უზრუნველყოფა“, - აცხადებს ჟურნალისტი და მკლევარი ჯეფრი სილვერმანი.
ამერიკელი სილვერმანი რუსი ონიშჩენკო არ არის, რაც კარგად უნდა იცოდეს ლაბორატორიის არსებობის დამცველმა ქართველობამ. ისიც უნდა იცოდეს, რომ სილვერმანმა ლაბორატორიასთან დაკავშირებით უკვე გამოაქვეყნა თავისი ინტერვიუ გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში. ამდენად უმჯობესი იქნებოდა ამ პიროვნებასთან ერთად თემის განხილვა იმავე ან სხვა გაზეთის ფურცლებზე. საზოგადოებას, უდავოდ ესაჭიროება მსგავსი რამ და არა BBC-სთვის მიცემული ცალმხრივი ინტერვიუ, სადაც სილვერმანის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საწინააღმდეგო მცდელობაა.
თავისი ხანმოკლე პრემიერობის ჟამს, რამდენი ასეთი არასასიამოვნო ფაქტის შემსწრე აღმოჩნდა ივანიშვილი. ჭორვილაში შეკეტილი, იზოლირებული ცხოვრებით გართული პირისთვის წარმოუდგენლად ძნელი გამოდგა ახალი ინფორმაციის ათვისება. არადა რა ძნელი ასათვისებელია რუსეთთან საქმის დალაგებაც და პარალელურად ნატო-ევროკავშირისკენ ყურება; საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაც და ამერიკელთა არგანაწყენება; ნაცებისა და მათი ბელადის დასჯაც და აშშ-ს ხელისუფალთათვის თვალის გასწორება; ეკონომიკურ-სოციალური ჩავარდნების გამოსწორება და საარჩევნო დანაპირების შესრულება; ქართული საზოგადოების ევროპულის დონეზე გარდაქმნა და თან ნათესავ-მეგობრობის ტრადიციების (თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით) შენარჩუნება; რაციონალურ, პრაგმატულ ევროპულ აზროვნებასთან დედმამიშვილების სადღეგრძელოს შეთავსება და სხვა მრავალი.
ხალხის დასამშვიდებლად ივანიშვილმა ბრძანა - კი არ მივდივარ, სამოქალაქო საზოგადოებაში გადავდივარო, თუმცა რომელში და რას ნიშნავს ეს საზოგადოება არ დაუკონკრეტებია.
ჩემის აზრით, მას არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა მხედველობაში. ჰოდა, როგორც ჩანს, შექმნის ასეთს და ისე, როგორც ამერიკული ფულით შექმნილი „თავისუფლების ინსტიტუტი“, შეიმუშავებს პარლამენტის მიერ განსახილველ კანონპროექტებს. და ძველი ავტორიტეტის მეშვეობით, მიაღებინებს კიდევაც მას. რით არის ბიძინა „თავისუფლებისინსტიტუტელ“ რამიშვილზე ნაკლები, რომელიც ნაცთა კანონთა მჭედელი იყო?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
21/09/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.