სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

აშშ-ს პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის მაღალი მოხელეების ბოლოდროინდელი განცხადებები, არა მარტო სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობის დასასრულის გარკვეული შეფასებაა, არამედ ამ შეფასებაში საკუთარი პიროვნების დადებით კონტექსტში მოხსენიების მცდელობაც. განცხადებებში, რომ ცხინვალის ომს განსაკუთრებული ადგილი უკავია, არც ეს არის გასაკვირი, ვინაიდან სწორედ ამ ომმა წარმოაჩინა ბევრი ისეთი ნეგატიური მომენტი, რამაც ქართველობას და არა მარტო მათ, თვალი აუხილა ამერიკაზე.
იციან გუშინდელმა და დღევანდელმა ამერიკის ადმინისტრაციებმა, რა „შვილი“ გამოზარდეს - სააკაშვილისა და ნაცების სახით? იციან, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გაუწონასწორებელი სააკაშვილი, ყველაფერს დაფქვავს მათ შესახებ, თან იმასაც დაამატებს, რასაც ადგილი არ ჰქონია? მაგრამ რასაც ჰქონდა, ისიც ხომ საკმარისია პირველი ქვეყნის ისედაც შერყეული იმიჯის, კიდევ უფრო შესარყევად?! როგორც ჩანს იციან და თავის მართლებით თავს იზღვევენ.
აშშ-ს იმჟამინდელი ადმინისტრაციის ვარსკვლავი, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ კატეგორიულად აფრთხილებდა სააკაშვილს ომი არ დაეწყო. ანალოგიურს და უფრო მეტსაც ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრაისა: „აშშ-ი დაჟინებით, მკაცრად, ზოგჯერ უხეშადაც ეუბნებოდა სააკაშვილს, გულშიც კი არ გაივლიოთ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, წააგებთ, საქართველოს მოგების არანაირი შანსი არ აქვს“.
ყოფილ ორ დიპლომატს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ერთობ მოუდრეკელი პიროვნება იყო, ისეთი, პირველი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებას რომ აინუნშიაც არ აგდებდა. რაც რბილად რომ ვთქვათ, უდიდეს ეჭვებს ბადებს. მართალია, სააკაშვილი თავნება და მოუთოკავია სხვებთან მიმართებაში, მაგრამ არამც და არამც სახელმწიფო მდივანთან მიმართებაში, იმ სახელმწიფო მდივანთან, რომელიც ადმინისტრაციის სახელით აფრთხილებდა.
გარდა ამისა, ამერიკას არაერთხელ გამოუყენებია მკაცრი ზომები ჯიუტი სახელმწიფო მეთაურების მიმართ - ცხადია პატარა და საშუალო ქვეყნების, როგორებიც არიან ერაყი, ლიბია, იუგოსლავია, პანამა და სხვები. რაც შეეხება შედარებით დიდ ქვეყნებს, მაგალითად, ირანს აშშ-ა ვერაფერი მოუხერხეს, გარედან ძალისმიერი ჩარევის გზით, მაგრამ ეკონომიკური სანქციებით სერიოზული ზიანი მიაყენეს ამ ქვეყნის მოსახლეობას. 35 წლის განმავლობაში ეომება აშშ-ი ირანის ხელისუფლებასა და ხალხს, თუმცა უშედეგოდ. და ბოლოს, როგორც იქნა გადაწყვიტა მასთან დიალოგზე გადასვლა.
რაის-ბრაისას განცხადებებიდან ჩანს ერთი რამ - აშშ-ს პოზიციის გათეთრება , თან საკუთარი თავის ბინძური წუმპედან დაუსვრელად ამოყვანა. მაგრამ არა მარტო ეს ჩანს მათ განცხადებებში, არამედ „დაუმორჩილებელი“ სააკაშვილის გათეთრებაც.
რატომღაც ბატონი ბრაისა აცხადებს - „საქართველოს ვაფრთხილებდითო“ - შეგნებულად ურევს რა ერთმანეთში სააკაშვილსა და საქართველოს. დიპლომატს არ ეკადრება საქართველოსა და სააკაშვილის გაიგივება. მას პირდაპირ უნდა ეთქვა „სააკაშვილს ვაფრთხილებდით“ და რატომ, იმიტომ, რომ სააკაშვილის ასეთი გაფრთხილება არც კონდოლიზა რაისის და არც მეთიუ ბრაისასგან საქართველოს არ სმენია. საქართველომ არაფერი იცოდა იმ კულუარული გაფრთხილებების შესახებ, რასაც რაის-ბრაისა აკეთებდნენ სააკაშვილთან. მაგრამ აქაც შეგნებული სიტყვის თამაშია. ერთია, კაკალი პოლიტიკოსის პირადი გაფრთხილება და მეორეა საქართველოს გაფრთხილება.
საქართველო ქვეყანაა, უსულო საგანი. აი, რომ ეთქვა ქართველ ხალხს ვაფრთხილებდითო (რასაც არ ჰქონია ადგილი), მაშინ მთლიანად ერს უნდა მოსთხოვო პასუხი. იტყვი - საქართველოს და მორჩა, სხვა მტკიცება საჭირო აღარ არის - ასე თვლის ბრაისა.
რაის-ბრაისა ამ განცხადებებით, რომ უსუსურობის შავი ლაქებით, „ალამაზებენ“ მსოფლიოში პირველ, მძლავრ ქვეყანას, მეორე საკითხია. ისეთი რა გაფრთხილება მიიღო სააკაშვილმა, რომ სასწრაფოდ ტრიბუნა მოამზადა, „დაპყრობილ“ ცხინვალში გამარჯვების სიტყვის წარმოსათქმელად?!
რაის-ბრაისას მიხედვით, არაფერი იცოდნენ ქართული ჯარის და მძიმე ტექნიკის ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაყვანასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მათ არ აცნობა საქართველოში აშშ-ს ელჩმა და ჯარის გამწვრთნელმა ასობით ამერიკელმა სამხედრო სპეციალისტმა. და არა მარტო მათ, არამედ საქართველოში აკრედიტებულმა ისრაელის საელჩომაც. ისრაელის მაღალი სამხედრო ჩინებიც ხომ იმჟამად იმყოფებოდნენ საქართველოში?!
დავუშვათ, ყველაფერი ასეც იყო, მაგრამ როდესაც შეატყვეს, რომ დენთის სუნი ტრიალებდა, რატომ არ ჩამოვარდნენ თბილისში სააკაშვილის შესაჩერებლად?!
როგორც ამერიკელი მკვლევარი ლინკოლ მიტჩელი წერდა - სააკაშვილის აგრესიას სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლშიც იზიარებდნენ, თანაც არცთუ დაბალ წრეებში. ქართულ საზოგადოებას ალბათ ახსოვს ცხინვალის ომთან დაკავშირებით გაკეთებული სატელევიზიო დადგმა, რომელიც, ამერიკელი ექსპერტის წიგნის მიხედვით იყო გადაღებული. მასში გარკვევით არის ლაპარაკი, თანაც აშშ-ს პრეზიდენტთან, როკის გვირაბის დაბომბვაზე (რუსეთის ტანკებისთვის ბარიერის შესაქმნელად).
ცხინვალის ომის პერიპეტიები წუთებსა და საათებში ზუსტად არის გადმოცემული ებრაელი მკვლევარისა და ჟურნალისტის ლევ გუნინის წიგნში, სადაც ავტორი აღწერს იმ ვითარებას, რასაც ომის წინა და ომის პერიოდში ჰქონდა ადგილი. წიგნში გამოკვეთილადაა ნახსენები აშშ-ს ადმინისტრაცია და ისრაელის მთავრობა, ცხადია ომის გაჩაღებასთან მიმართებაში.
რაის-ბრაისას გამონათქვამები შეიძლება სააკაშვილის დანაშაულადაც აღიქვას მკითხველმა, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. მართალია, ორივენი, თავის მართლების მიზნით სააკაშვილს ადებენ ხელს, მაგრამ არაც ისე მყარად, როგორც საჭიროა და როგორც ამას გარემოება მოითხოვს, პირიქით, ისინი ცდილობენ დამნაშავე ხელისუფალის გადარჩენას და რუსეთის დადანაშაულებას.
„7 აგვისტოს, როცა საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, რუსეთს ჯარი შემოჰყავდა, ქართულმა შენაერთებმა უკან არ დახიეს, არადა ვურჩევდით, რომ უკან დაეხიათ და მიეღოთ თავდაცვითი პოზიციები. ამ შემთხვევაში მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ მას შემდეგ რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლით უპასუხა“, - ამბობს ბრაისა.
მის და სხვათა გასაგონად - სააკაშვილმა ჯარი კი არ დახია, პირიქით შეიყვანა. გარდა ამისა, როგორც ზონაში განლაგებული ეუთოს დამკვირვებლები ამბობდნენ - ომის დაწყებამდე ადგილი არ ჰქონდა იქეთა მხრიდან აქეთა სოფლების დაბომბვას. რუსეთმა მძიმე ტექნიკა მას შემდეგ შეიყვანა ცხინვალში, რაც ქართულმა ტანკებმა ერთი ჯირითი ატეხეს იქ, წინა ღამის სარაკეტო, მასირებული შეტევის შემდეგ. რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს მედვედევს სწორედ დაგვიანებულ სამხედრო პასუხში საყვედურობდნენ რუსი სამხედროები და სპეციალისტები.
„2008 წლის ივლისში ჩემმა რუსმა კოლეგამ მითხრა, რომ მომდევნო თვენახევრის განმავლობაში მთავრობაში არავის ეცალა საქართველოსთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმის განსახილველად. მივხვდი - ომის დაწყება გადაწყვეტილი ჰქონდათ. საქართველოს არაფრის გაკეთება არ შეეძლო ამის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს ბრაისა.
ამ სიტყვების ავტორის გამჭრიახმა გონებამ, ვიღაც რუსი დიპლომატის ნათქვამზე, განჭვრიტა, რომ რუსეთი ომს იწყებდა, მაგრამ ვერაფრით ამოხსნა, რომ „დაუმორჩილებელი“ სააკაშვილი აგრესიულ ნაბიჯს წინ „გადაეღობებოდა“, რითაც გააუბედურებდა არა მარტო იქ მცხოვრებ ხალხს, არამედ საქართველოს. ნუთუ ძნელი წარმოსადგენი იყო ბრაისასთვის სააკაშვილის ქმედება? და თუ იყო, რატომ არ უთხრეს მას ამის თაობაზე პირადად, თბილისში?!
„2008 წლის ივლისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჟვანიამ აღელვებულმა დამირეკა - რუსეთს მძიმე ტექნიკა ჯავაში შეჰყავთო“. როგორც ჩანს, ბრაისას წლები ერევა, 2008 წელს ჟვანია თუ დაურეკავდა, მხოლოდ საიქიოდან. რაც შეეხება მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გურგენიძეს, თურქული პრესის მიხედვით, ომში დამარცხებას, თურქულ ღამის კლუბებში ცეკვით იქარწლებდა. თუ რუსებს უკვე ჰყავდათ შეყვანილი მძიმე ტექნიკა, რაღა საჭირო იყო ახლის შეყვანა?
ჟვანიას ზარი ადრინდელ პერიოდს ეხება. მძიმე ტექნიკა, ასანთის კოლოფი არ არის, რომ ისე შეიყვანო სადმე დედამიწის ხელოვნურმა თანამგზავრმა არ დააფიქსიროს. რაღაც არ მახსოვს მძიმე ტექნიკის ჯავაში „შეყვანის“ გამო ამერიკას განგაშის ზარები შემოეკრას. არც გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება მახსოვს - რუსეთის გაკიცხვითა და დატუქსვით.
ასე რომ, ბრაისას მოჭორილი ამბავი მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ნაცების გამართლებას ემსახურება ისე, როგორც ეს: „არ ვიცი რა დანაშაული უნდა ჩაედინათ პოლიტიკოსებს, პოლიტიკის შემუშავებისას, რომლებიც ყველა ხერხით ცდილობენ ქვეყნის გადარჩენას, მაშინ როცა მეზობელი ქვეყნის 100-ჯერ დიდი ჯარი ქვეყანას თავს დაესხა“.
გარდა ამისა, ბრაისა ასეთ რამესაც ამბობს: „მათ დაავიწყდათ, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს ქვეყნის არჩეული ლიდერები იღებენ და ამ შემთხევაში მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს“.
ეს ჭეშმარიტება ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის უმთავრესი კანონია, მაგრამ არა საქართველოსთვის, რომლის ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯს, ამერიკა აკონტროლებდა და აკონტროლებს. ასე იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელშიც თავფეხიანად იყო გადაშვებული ბრაისა და მისი ამერიკელი კოლეგები. გახსოვთ ალბათ, პრეზიდენტ ბუშის მილოცვაც, რომელმაც არჩევნების შედეგების დაჯამებამდე გაიჟღერა. მიზანი - სააკაშვილისთვის მეტი ქულების დაწერა იყო.
2008 წლის არჩევნებში „ნატოს“ თემის მიტმასნებაც ამერიკელთა იდეა იყო და 70%-ზე მეტი მხარდამჭერის დაფიქსირებაც მათი ძალისხმევით მოხდა. ასე, რომ ბრაისას განცხადება - ადგილობრივი ხელისუფლება იღებს საბოლოო გადაწყვეტილებასო, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
რაც შეეხება ნატოში შესვლა-არშესვლას - ეს საკითხი 2008 წლამდე იყო გადაწყვეტილი - საქართველოს ხელისუფალთა სურვილის საწინააღმდეგოდ. 2008 წლის ომმა მას საბოლოო წერტილი დაუსვა.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სხვაც ბევრია სააკაშვილის იმჟამინდელი პოლიტიკური ქმედების გამამართლებლად, რაც თავისთავად მეტყველებს აშშ-ს არა მარტო იმჟამინდელი ადმინისტრაციის მცდარ პოლიტიკაზე, ამჟამინდელისაც.
როდესაც პრეზიდენტი ობამა დემოკრატად მოიხსენიებს სააკაშვილს, როდესაც დამნაშავე სააკაშვილის გაეროში გენასამბლეაზე გამოსვლას ტაშს, თუნდაც კანტიკუნტს, შეაგებებენ, მსოფლიოს არაფერი ეშველება.
ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. არ ჩამოიშორებენ დიდი სახელმწიფოები ამ უკუღმართობას, უარესი უკუღმართობის მოწმე გავხდებით. სააკაშვილის აგრესიამ, რომელიც უდავოდ ქვეყნის ღალატის ტოლფასია, პირდაპირი მნიშვნელობით აატირა საქართველოს ის მოსახლეობა, რომელიც საოკუპაციო ზონაშია მოქცეული. რას აკეთებს ხელისუფლება? ხელისუფლება დაბნეულია. მან არ იცის რა პასუხი შეაგებოს საზღვრის გავლებას.
„სოჭის ოლიმპიური თამაშების დამთავრების შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა და დალაგდებაო“, - ბრძანა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრის დროს. მისი სიტყვებით, მავთულხლართების გაბმა სოჭის ოლიმპიადის ტერორიზმისგან დაცვას ნიშნავს, რაც არ არის გამორიცხული. ისე, როგორც გამორიცხულია გაბმული მავთულხლართების ოლიმპიური თამაშების შემდეგ აღება.
სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია. და რაც არ უნდა ვიძახოთ - ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, მათ გულს ვერ მოვიგებთ, რამეთუ მძიმე იარა, რომელიც მათ თბილისმა მიაყენა საქმით და არა ლიტონი სიტყვით იმკურნება. საქმე კი არ ჩანს. როდესაც თბილისი გამუდმებით გაიძახის სეპარატისტული, მარიონეტული ხელისუფლება - ამით მათ გულს ვერ მოალბობ. როდესაც აცხადებ, რომ აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით მოლაპარაკებას არ დავიწყებთ, ვიდრე იქ რუსეთის საელჩოებია, ამით რუსეთის გულს ვერ მოალბობ.
საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან სალაპარაკო გეგმა არ აქვს შემუშავებული, ვინაიდან მას ჭკუა-გონება სჭირდება, რაც დღევანდელ ხელისუფლებაში დიდი დეფიციტია. გარდა ამისა, მსგავსი გეგმაც რომ ჰქონდეს - შეძლებს თბილისი, ვაშინგტონის დაუკითხავად, ნაბიჯის გადადგმას?
დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. მაშ რა რჩება საქართველოს? ის, რაც ივანიშვილმა ბრძანა - ისეთი ქვეყანა უნდა გავხდეთ, რომ აფხაზები და ოსები აქეთ გვეხვეწებოდნენ მიგვიღეთო. ვირტუალური გეგმაა. სჯერა ვინმეს, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში (ივანიშვილის განცხადებით) საქართველო ასეთად იქცევა? ღმერთმა ქნას, მაგრამ საქმის კეთებას მცოდნე კადრები სჭირდება. ასეთები კი აქ არ არიან.
გარდა ამისა, საჭიროა საზოგადოებაში თვითკრიტიკულობის განვითარება, რაც უახლოეს წლებში შეუძლებელია, მას არაერთი თაობა დასჭირდება. და რაც მთავარია - აღმზრდელი. ივანიშვილი, რომელიც საზოგადოების აღზრდას გვპირდება, თვით არის გარდასაქმნელი, თუმცა მის ასაკში ეს შეუძლებელია. მისი პიროვნული ხასიათი, მისი „მე“ თვალნათლივ გამოჩნდა ექსპერტებთან შეხვედრის დროს. კაცს, რომელიც კრიტიკას კუშტად ხვდება, თავის ნახელავს დადებითად აღიქვამს, სხვისას კი უარყოფითად - რა გარდაქმნის?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
28/09/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.