ქიმიური იარაღის განადგურება და ნობელის პრემია

ბოლო ერთი კვირაა, შიმშილისგან თავის დახსნის მიზნით, ევროპისკენ მიმავალ აფრიკელთა შემზარავმა ისტორიამ არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს ყურადღებაც მიიპყრო. ჩრდილო აფრიკაში მცხოვრებმა მოსახლეობამ, შიმშილისგან სიკვდილს, სარისკო მარშრუტი ამჯობინა - ნავებით ევროკავშირის წევრი იტალიის კუნძულ ლამპეიდუზამდე. ტალღებზე მოფარფატე ნავებმა ვერ გაუძლეს ზღვის შემოტევას და ასობით აფრიკელი, ნაცვლად სანატრელი ცხოვრებისა, საიქიოს შეუერთდა.
არალეგალურ მიგრანტთა ტალღამ წალეკა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არანაკლებად, ჩვენი მეზობელი რუსეთი. ამ ქვეყანამ, მიგრანტთა რაოდენობით ევროკავშირსაც გადააჭარბა და სხვასაც, დაიკავა რა მეორე ადგილი მსოფლიოში, აშშ-ს შემდეგ. მიგრაციის პრობლემები აწუხებს ყველას, მათ შორის რუსეთსაც, ვინაიდან არალეგალთა გამოვლინება, მათი სამშობლოში დეპორტაცია, მხოლოდ სიტყვით არის იოლი გასაკეთებელი, საქმით - ძნელი, ხშირად შეუძლებელიც.
მშიერთა ლტოლვა უკეთესი ცხოვრებისკენ არახალია, მაგრამ მაძღარი ქვეყნების მიდგომაც ამ საკითხებისადმი ზერელე და შეუსაბამოა. სხვა ქვეყანაში საკუთარი ბედის ძებნა კოლონიალიზმისაგან განთავისუფლებას მოჰყვა, ამასთანავე ევროპის და სხვა ქვეყნების სამრეწველო ბუმის მოთხოვნებს - იაფფასიანი მუშახელის მოსაპოვებლად.
თითქოს ევროპაში დროებით ჩასული ადამიანები, შრომის შედეგად დაგროვებული ფულის შემდეგ, სამშობლოს უნდა დაბრუნებოდნენ, მაგრამ ამაო გამოდგა მათი და გაბეზრებული მასპინძლების იმედი, რამეთუ ადამიანის სურვილი, უფრო მეტი ფულის მოსახვეჭად, უძიროა. ის კაზინოში თამაშს წააგავს - ცოტაოდენი მოგების შემდეგ, უფრო მეტი მოგებისათვის, რომ აგრძელებ თამაშს.
გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან დაწყებული, ნაქებმა და გამოკვებილმა დასავლეთმა (ცხადია სხვასთან, განსაკუთრებით აფრიკასთან შედარებით) ვერაფერი მოიგონა მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად. ვითომ შეიქმნა სხვადასხვა სახის პროგრამები მესამე ქვეყნებში დასაქმებასთან დაკავშირებით, იქ სხვადასხვა სახის საწარმოების გახსნით და ა.შ., თუმცა, როგორც ჩანს, არცთუ საკმარისი რაოდენობით. შიმშილის წინაშე დამდგარი მოსახლეობა რისკავს სიცოცხლეს და ენით აუწერელი წამებით აღწევს მიზანს. მაგრამ ყველა ვერა.
ლუკმაპურის ძიებაში ბოლო წლების განმავლობაში 5000 აფრიკელი დაიხრჩო ხმელთაშუა ზღვაში. კიდევ კარგი, რომ ბედის და ლუკმაპურის მაძებარ ქართველობას ზღვის გადაცურვა არ სჭირდება რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთში, სხვა ქვეყნებში შესაღწევად. გაურიგდები მეგზურს, გადაუხდი ფულს და თუ პირველივე მცდელობით ვერ მიაღწევ „სანატრელ“ ქვეყანას, მომდევნო მცდელობებისას, უდავოდ მიაღწევ.
და დაიწყება სრულიად ახალი ცხოვრება, იქაური ენის, წეს-ჩვეულებების, კანონების ცოდნის გარეშე. გაივლის წლები და შეიძლება „გრინ კარდსაც“ (მწვანე ბარათს) გამოჰკრა ხელი, იმ დროისთვის უკვე მთლად „უცხოელი“ თუ არა მიახლოებითი მაინც იქნები - შენი ქვეყნიდან დაშორებული, ახალი „სამშობლოსთვის“ არცთუ მისაღები.
მრავალი ასეთი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ. მათ მიერ მამასისხლად ნაშოვნი ფულით კი აქ დარჩენილი ნათესავ-ახლობლები. იშვიათად, შვებულებით ჩამოსული - სამშობლოს სხვა თვალით უყურებს - იქაურით, თანაც კრიტიკულით და უმალ იბადება კითხვა - აქ რომ დარჩენილიყო, გადარჩებოდა?
მას აკვირვებს ის, რომ აქაური ცხოვრება, უცვლელია, დაკონსერვებულია, უმომავლოა და შვებულების დამთავრებამდე გაცილებით ადრე ეცლება აქაურობას, გაბეზრებული ნათესავების თხოვნით, ფულის ჩუქებასთან დაკავშირებით. მეორე „სამშობლოში“ დაბრუნებული ძალას არ იშურებს აქ დარჩენილი ოჯახის სამშვიდობოზე გასაყვანად - ხშირად მცდელობა წარმატებით მთავრდება.
ასე და ამრიგად იცლება საქართველოს სოფლები და ქალაქები, ჩვენ სხვაგან მივდივართ, ჩვენს ადგილს აფრიკელები და აზიელები იკავებენ. გაივლის წლები და ისინიც მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას, ისე, როგორც ჩვენ, იქ.
გლობალიზაციის ნაყოფია ყოველივე ეს და არა მარტო მისი - არანაკლებად ხელისუფლების, რომელმაც დასაქმების ვერავითარი პირობა ვერ შექმნა. 20 წელიწადზე მეტია საქართველოს ხელისუფლება არაფერს ღონობს ქვეყნის უაღრესად პატარა მოსახლეობის დასასაქმებლად. მას ამისთვის არ სცალია - დიდ მატერიებზე ფიქრობს - ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ნატოში შესვლაზე, აშშ-ნ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ა.შ., ყველაფერზე, მაგრამ არა ხალხის დასაქმებაზე. ჰოდა, ხალხიც დასაქმდა „შინმოუსვლელ“ საზღვარგარეთ. აწუხებს ეს ხელისუფლებას?
არამც და არამც! რეზერვი ჰყავს, საუკუნეობით გათურქებული ე.წ. თურქი ქართველები. რა სჯობს ასეთ რეზერვს?! პრეზიდენტის ერთი ხელმოწერით, საქართველომ 1000 ახალი მოქალაქე შეიძინა, თანაც როგორი! ისინი იქ იცხოვრებენ, მაგრამ აქაც იქნებიან, ამ ქვეყნის მოსაწველად. განა ასეთი „პროექტი“ მიუღებელია? რაში გვჭირდება ქარხანა-ფაბრიკები? მათ ხომ იმ ქვეყანაში ერთიც აქვთ და მეორეც! აღარც გარემო დაგვიბინძურდება და აღარც ქარხნების აშენებისთვის საჭირო თანხები დაგვეხარჯება. ბარაქალა სააკაშვილს შორსმომავალი პროექტისთვის.
ახლა რაც შეეხება, ჩვენს მომავალ ძმებს - ევროპელებსა და ამერიკელებს. ჩვენ, მათთვის ახალი ხილი ვართ, მაგრამ მიდგომა ჩვენდამი ისეთივე აქვთ, როგორიც აფრიკა-აზიის მესამე ქვეყნებისადმი - მტაცებლური. ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა ყველაფერი იღონეს აფრიკის სიმდიდრეთა ხელში ჩასაგდებად, თანაც ცენტებად. არავითარი ინფრასტრუქტურა, მხოლოდ ძარცვა წიაღისეულისა, მინიმალური დასაქმება.
ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს დიდი თავსატეხი გაუჩინა ჩინური კაპიტალის გამოჩენამ აფრიკაში. და დაიწყო ჩინელთა მიერ რკინიგზებისა და გზების გაყვანა, წიაღისეული სიმდიდრეების მოპოვება, ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. ჩინელებმა სერიოზულად ჩააჩოჩეს ამერიკელები და ევროპელები, რაც მთავარია მოიპოვეს ნდობა ადგილობრივ მოსახლეობაში. შეხედა რა ჩინელთა პროგრესს აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ, მდგომარეობის გამოსასწორებლად აფრიკის რამდენიმე ქვეყანას მიაშურა, თუმცა მე ვიტყოდი, დაგვიანებით.
აშშ-ს ელჩის გასაგებად, საქართველოშიც არ დაგაგვიანდეთ! მარტო ქვეყნის მომწამლავი ბიოლოგიური ლაბორატორიების აშენებით შორს ვერ წახვალთ. სერიოზული ინვესტიციაა საჭირო და არა ახალგაზრდების მოსაქრთამი გრანტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ანუ მუქთა მჭამელები - უპროდუქციო „წარმოება“ არასამთავრობოთა სახით, განწირულია. ქვეყანა, რომელიც ტუალეტის ქაღალდსაც ვერ აკეთებს, გამუდმებით ლაქლაქებს.
მოლაქლაქე ერადაა ქცეული ეს ქვეყანა. აურაცხელი ტელეკომპანიები, ინტერნეტ-ტელევიზიები, აურაცხელი თოკ-შოუები და არც ერთი ქარხანა!
აურაცხელი სახელმწიფო მოხელე, მათი დამცველი კუნთმაგარი და ჭკუასუსტი მამაკაცები, მათი გადაადგილებისთვის საჭირო 80 ათასიანი შავ-შავი „ტოიოტას“ ჯიპები, ქვეყანა, არამწარმოებლური „შრომით“ დაკავებული, გრანტების ჭამასა და მონელებაში გართული.
ჭამა და მონელება ისეა გადაბმული ერთმანეთზე, შრომის ადგილი აღარ რჩება. შეხედავ თანამედროვე ქართველს, წელში სრულს, მოსწრებული მუცლით და უმალ გაიხსენებ ალექსანდრე დიუმას, დიდის ეჭვით, ვინაიდან მის მიერ აღწერილი ქართველი დღეს მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ თოიძისეულ ნახატებზეა. გონიერებასა და სიდარბაისლეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. „ქართველი მამაკაცები, ჩემი აზრით, არა მარტო თვითონ არიან ულამაზესი მთელ დედამიწის ზურგზე, არამედ მათ აგრეთვე საუკეთესო ტანისამოსი აცვიათ“, - წერდა დიდი მწერალი. სავალალოა, რომ ერთი საუკუნის წინათ გაკეთებულმა შეფასებამ ესოდენ დიდი, თანაც ნეგატიური ტრანფორმაცია განიცადა.
ერთი მუჭა ბანდიტი „ბიზნესმენი“ ძიძგნის ამ ქვეყანას, ისე, როგორც გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფლება და რა გასაკვირია, რომ დანარჩენმა თავი უცხოეთს შეაფაროს? კიდევ კარგი ზღვა არ გვაქვს გადასაცური, თორემ ბედშავი ქართველებიც, ბედშავი აფრიკელების ბედს გაიზიარებდნენ.
საზარელი იყო კუნძულ ლამპეიდუზაზე აფრიკელთა კუბოების ხილვა - ერთ რიგზე ჩაწყობილი 300 კუბოს. და ამ ფონზე აფრიკის გაუბედურების მთავარი შემოქმედი - ევროკავშირის მაღალჩინოსანთა ვითომ დამწუხრებული სახეები.
არ აწუხებთ მათ ეს ამბვი. მათ აწუხემთ ევროპაში შესული აფრიკელი - მათი მშვიდი და უზრუნველყოფილი ცხოვრების დამრღვევი. რომ აწუხებდეთ, ნობელის პრემიას იმას მიანიჭებდნენ, ვისაც სურვილი გაუჩნდებოდა მესამე ქვეყნებში ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, მოსახლეობის ადგილზე დასაქმებისთვის.
მაძღარი ქვეყნები ებრძვიან არალეგალურ მიგრაციას, ე.ი. შედეგს, მაგრამ ხელს არ ანძრევენ მიზეზის აღმოსაფხვრელად. მარტო საქართველოს მაგალითი რად ღირს?!
გასულ კვირას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კომიტეტმა შესანიშნავ გამოსავალს მიაგნო, არც პუტინი გაანაწყენინა და არც სხვა, ვინც პრემიაზე იყო წარდგენილი - მიანიჭა რა ნობელის პრემია ქიმიური იარაღის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას. არადა, თუ მშვიდობის შენარჩუნებაზეა ლაპარაკი, სწორედ პუტინის ძალისხმევამ იხსნა მსოფლიო ომისგან. მართალია, „ნაციონალურად“ განწყობილ ქართველობას სძულს პუტინი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
რომ არა საერთაშორისო არენაზე პუტინის დაბეჯითებული, შეუპოვარი მოქმედება, განსაკუთრებით ამერიკელებთან, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა. მან ააღებინა პრეზიდენტ ობამას ომის ღილაკზე დადებული ხელი. მან დაიყოლია სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი შეერთებოდა ქიმიური იარაღის განადგურების კონვენციას. მისი ძალისხმევით დაიწყო გაეროს სპეციალისტებმა სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პროცესი.
მაგრამ რა გაეწყობა, დასავლეთისთვის მიუღებელია პუტინი - საკუთარი ქვეყნის სიძლიერის შექმნის მსურველი. დასავლეთისთვის მისაღებია ლიტერატურის დარგში რუსი მწერლების ნობელის პრემიის ლაურეატობა, მაგრამ მშვიდობის დარგში - არა! პუტინს რომ რუსეთი დაეშალა, ისე, როგორც გორბაჩოვმა დაშალა საბჭოეთი, უდავოდ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდებოდა, ისე, როგორც გორბაჩოვი.
დასავლეთისთვის მისაღებია პრეზიდენტობის დამწყები ობამასთვის, ავანსად, ნობელის პრემიის მინიჭება, მაგრამ რომელიმე საბჭოთა ან რუსი პოლიტიკოსისთვის - არა!
ფაშიზმისგან მსოფლიოს გადარჩენის უპირველესი შემოქმედი სტალინი არ აღირსეს პრემიას - ლანძღვა-გინებას, იცოცხლეთ! რა გაეწყობა, ასეთია ტენდენციური დასავლეთი - პოლიტიზებული, მიკერძოებული, ორმაგი სტანდარტის მატარებელი. კომიტეტმა ბრძანა - სირიის ქიმიური იარაღი არაფერ შუაშია, ისე გავიხსენეთ ამ იარაღის განადგურების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციაო.. რაღა მაინცადამაინც წელს და არა შარშან?
დავუბრუნდეთ სირიიას. ჟენევის კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მიხედვით, შიდა სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, კანონიერ ხელისუფლებას უფლება აქვს, ყველა კანონიერი შესაძლებლობით, ხელი შეუწყოს და აღადგინოს წესრიგი, დაიცვას ეროვნული და ტერიტორიული მთლიანობა. ასეთ დროს პროცესში პირდაპირი ან ირიბი ჩარევა გარედან დაუშვებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სირიის ხელისუფლება გამოიყენებდა ქიმიურ იარაღს, იქნებოდა თუ არა ის პასუხისმგებელი საერთაშორისო სამართლის მიხედვით?
1925 წლის ჟენევის ოქმი, რომლის ერთ-ერთი მხარეც სირიაა, კრძალავს მომწამლვლელი ნივთიერებების გამოყენებას საერთაშორისო კონფლიქტებში, მაგრამ ქიმიური იარაღის საყოველთაო გამოყენების აკრძალვის კონვენციას, რომელიც 1993 წელს არის მიღებული, სირია არ შეერთებია. რაც შეეხება ისრაელს, რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას, 20 წელზე მეტია რატიფიკაცია არ მოუხდენია.
რომის საერთაშორისო სისხლის სამართლის სტატუტის მიხედვით, კრიმინალურად ჩაითვლება ქმედება, როდესაც მხუთავი გაზები და მომწამლველი ნივთიერებები გამოიყენება საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს. მხოლოდ 2010 წელს შევიდა სტატუტში შესწორება, რომელიც კრიმინალურად მიიჩნევს ქვეყნის შიგნით კონფლიქტში ქიმიური იარაღის გამოყენებას. შესწორებას მხოლოდ 10 სახელმწიფომ მოაწერა ხელი, მათ შორის სირიამაც, თუმცა რატიფიკაცია არ მოახდინა.
სირიის ქიმიური იარაღის გაჩენას საზოგადოება ისრაელის ბირთვული იარაღის შექმნას უნდა „უმადლოდეს“. არ ექნებოდა ისრაელს ბირთვული ბომბი და არ შექმნიდა სირია ქიმიურ იარაღს.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, თუ სირია დაარღვევს შეთანხმებას ქიმიური იარაღის განადგურებასთან დაკავშირებით, ამერიკის და მისი მოკავშირეების მხრიდან არ ასცდება საჰაერო დაბომბვები. მუქარა სერიოზულია. აშშ-ი შეასრულებს მუქარას.
თვით აშშ-ა ვიეტნამის ომის დროს ასეულ-ათასობით ტონა მომწამვლელი ნივთიერება დააყარა ვიეტნამს. ვიეტნამის ნიადაგი ღრმად არის გაჟღენთილი მომწამვლელი ქიმიური იარაღისგან. როგორც ჩანს, მრავალი წელი დასჭირდება მოწამლული ნიადაგის რეაბილიტაციას. კომპენსაცია, რომელსაც აშშ-ი უხდის ვიეტნამს ნიადაგის აღსადგენად, მიზერულია.
დასაჯა ვინმემ აშშ-ი ამ ბარბაროსული ქმედებისთვის? დასაჯა ვინმემ აშშ-ი ვიეტნამელი ხალხის გენოციდისთვის? ვიეტნამის ომმა ხუთი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მიზანი - ამერიკელთა მიერ არამხოლოდ ვიეტნამელი მებრძოლების განადგურება იყო, არამედ ყოველივე სულიერის.
აშშ-ის მხარდაჭერით, ქიმიური იარაღი უხვად გამოიყენა ერაყმა, ირანის წინააღმდეგ ომში (1980-1988 წლები). დღეს, აშშ-ი ჭკუას ასწავლის მსოფლიოს და თითს უქნევს სირიას ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით.
ნობელის პრემიის ლაურეატი ორგანიზაცია უკვე მუშაობს სირიის ქიმიურ ობიექტზე. სპეციალისტების აზრით, ქიმიური იარაღისგან განიარაღების პროცესი კარგა ხანს გასტანს და თითქმის ერთი მილიარდი დოლარი დაჯდება. მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანას გამოაკლდება ქიმიური იარაღი, რაც დიდი მიღწევაა და დამსახურება რუსეთის პრეზიდენტის, რომელმაც დაიყოლია ბაშარ ასადი ქიმიური იარაღის გასანადგურებელი ნაბიჯის გადასადგმელად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
14/10/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.